top of page

ხელისუფლება კლანის წევრების კეთილსინდისიერების შემოწმებაზე უარით ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს

ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას. შემოწმება უნდა შეეხოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, სასამართლოს თავმჯდომარეებსა და ამ პოზიციებზე დასანიშნ კანდიდატებს.

 



ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან იკვეთება,[1] რომ აღნიშნული დათქმა მათთვის მიუღებელია, რის გამოც უარს ამბობენ მექანიზმის შექმნაზე. საგულისხმოა, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს.

 

მაგალითად, კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე, შალვა თადუმაძე,[2] რომლის დიპლომის ნამდვილობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არაერთი კითხვა არსებობს.[3] ასევე კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ლევან მურუსიძე,[4] რომლის სახელიც ქვეყანაში წლების მანძილზე უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებას უკავშირდება და რომელიც, გასულ წელს, კორუფციაში ჩართულობის გამო, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პარტნიორის, აშშ-ს მიერ დასანქცირდა. კეთილსინდისიერების შემოწმების საჭიროებას ვერ ხედავს ასევე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე.[5] მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ „ფილიპ მორისის“ საქმესთან არის დაკავშირებული.[6] 

 

მოსამართლეთა შეზღუდული ჯგუფის კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას დაუპირისპირდა ასევე უზენაესი სასამართლოც.[7] მათი განცხადებით, ,,ვეტინგი“ არ მიეკუთვნება საერთაშორისო სტანდარტს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დამატებით შემოწმებას არ საჭიროებენ, რადგან მოსამრთელეების კეთილსინდისიერება თანამდებობაზე არჩევის პროცესში უკვე გადამოწმდა.

 

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების პროცესი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.[8] გარდა ამისა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი, რომელიც ხარვეზებით მიმდინარეობდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ კრიტიკის საგანი გახდა.[9] მათ შორის, უარყოფითი შეფასებები გაკეთდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მიერაც, რომელიც პროცესს მონიტორინგს უშუალოდ უწევდა.[10] გამომდინარე იქიდან, რომ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერით გადაიცემოდა, ამ პროცესის ხარვეზების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვისაც კარგად არის ცნობილი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ დროულად უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს სწორედ იმ ნაბიჯების გადადგმა რომელიც ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯითაა გათვალისწინებული.

 

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სასამართლოს გუშაგი

დემოკრატიის მცველები

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი


-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------


[1] „რას ნიშნავს „ოცნების“ უარი სასამართლო სისტემაში „ვეტინგზე“, ნეტგაზეთი, 25 თებერვალი 2024; ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/life/710803/

[2] „ვინ აპირებს ჩემს შემოწმებას, ხელმოცარული იურისტები და კორუმპირებული პოლიტიკოსები? - შალვა თადუმაძე“, რუსთავი 2, 11 მარტი 2024; ხელმისაწვდომია: https://rustavi2.ge/ka/news/277260?fbclid=IwAR1k1_HncGuqKNUmcTdsM2LgPQe2xru775OKr2hrGGEbnsvmcNsauBFM-YQ

[3]„თადუმაძის დიპლომის ნამდვილობაზე კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს“, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 07 ოქტომბერი 2019; ხემისაწვდომია: https://transparency.ge/ge/blog/tadumazis-diplomis-namdvilobaze-kitxvebs-pasuxi-unda-gaeces;  „კვლავ არსებობს კითხვები გენერალური პროკურორის დიპლომთან დაკავშირებით“, კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, 17 ოქტომბერი 2019; ხელმისაწვდომია: https://coalition.ge/index.php?article_id=220&clang=0; საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში, სახალხო დამცველი, 2019 წ.,  გვ19-20; ხელმისაწვდომია: https://www.ombudsman.ge/res/docs/2019100811095425887.pdf

[4] „ლევან მურუსიძე ე.წ. ვეტინგის წინააღმდეგ“, ნეტგაზეთი, 4 მარტი 2024; ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/712078/

[5]მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაზის ფეისბუქ კომენტარის ფოტო, ე.წ screenshot; ხელმისაწვდომია: https://drive.google.com/file/d/1Z5gEntw3Gao8uJZN_UlyNO8m10fXa2NE/view?usp=sharing.

[6] „სასამართლოს გადაწყვეტილება კომპანია „ფილიპ მორისისთვის” 93 მილიონამდე ლარის დაკისრებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, 30 მარტი 2017; ხელმისაწვდომია:https://www.transparency.ge/ge/blog/sasamartlos-gadatsqvetileba-kompania-philip-morrisistvis-93-milionamde-laris-dakisrebasta-kitkhvebs-badebs; „იან კელი ამერიკული კომპანიების Philip Morris-ისა და GAA-ს დაჯარიმებაზე საუბრობს“, ტაბულა, 16 მარტი 2018; ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/606670-ian-keli-amerikuli-kompaniebis-philip-morris-isa 

[7]უზენაესი სასამართლოს განცხადება, 11 მარტი 2024; ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/SupremeCourtOfGeorgia/posts/pfbid0bpwhXPS4GNuRqSkRBX1hNFGYMWg7JFiuC5k1J7DtJ7TzdGepeaBotFi7Yau44e43l 

[8] Xhoxhaj v. Albania, no. 15227/19, 9 February 2021; ხელმისაწვდომია: https://hudoc.echr.coe.int/?i=001-208053 

[9] „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნების გამო ევროკავშირი საქართველოს აკრიტიკებს“, civil.ge, 02 დეკემბერი 2021; ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/459356; „აშშ-ის საელჩო „იმედგაცრუებულია“, რომ პარლამენტი მოსამართლეების დანიშვნას განაგრძობს“, civil.ge, 26 ნოემბერი 2021; ხელმისაწვდომია: https://civil.ge/ka/archives/458119 

[10] ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიში, 9 ანვარი 2020, ხელმისაწვდომია: https://www.osce.org/ka/odihr/443506.

コメント


bottom of page