top of page

ხელისუფლება განაგრძობს აქტივისტების წინააღმდეგ მართლმსაჯულების რეპრესიის მიზნებისთვის გამოყენებას



თბილისის საქალაქო სასამართლომ უკრაინის სოლიდარობის აქციაზე დაკავებული 16 ადამიანი ჯამში 34 300 ლარით დააჯარიმა. მათ შორის, 2022 წლის 6 აპრილს მოძრაობა „სირცხვილიას” 6 აქტივისტს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 15 800 ლარის ჯარიმა დააკისრა. უკანონო ადმინისტრაციული დაკავებისა და სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შედეგად, უხეშად ირღვევა აქტივისტების უფლებები და იზღუდება მშვიდობიანი გამოხატვის უფლება.


სასამართლო პროცესებზე მოძრაობა „სირცხვილიას” აქტივისტებს ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო მოძრაობის იურისტები იცავდნენ. საქმეში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა, მათ შორის:


პოლიციამ აქტივისტები შესაბამისი მტკიცებულებებისა და საფუძვლების გარეშე თვითნებურად დააკავა. ზუკა ბერძენიშვილი, გური გოლიაძე, გიგა მაქარაშვილი, გიორგი მჟავანაძე, ნოდარ რუხაძე და ალექსანდრე სამხარაძე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით დააკავეს.

დაკავებულებს არ განუმარტეს უფლებები. მათთვის არ უცნობებიათ დაკავების არსი და საფუძველი, ადვოკატის აყვანისა და ახლობლებისათვის მათი ადგილსამყოფელის შეტყობინების უფლება.

დაკავების ოქმები შაბლონური და არაინფორმატიული იყო. ოქმები სამართალდარღვევის შესახებ ზოგად მითითებას შეიცავდა. პროცესზე დადგინდა, რომ პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები წინააღმდეგობაში მოდიოდა მათ მიერ შედგენილ ოქმებთან.

პოლიციამ უკანონოდ და დაუსაბუთებლად გამოიყენა დაკავების მაქსიმალური ვადა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას დაკავებულები არაუგვიანეს 24 საათისა სასამართლოს წინაშე უნდა წარედგინა, სათანადო მიზნისა და დასაბუთების გარეშე, ეს ვადა თვითნებურად 48 საათამდე გაახანგრძლივა.

სასამართლომ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლიანი სასამართლოს მინიმალურ სტანდარტები. სასამართლომ არ უზრუნველყო მხარეთა შეჯიბრებითობა და თანასწორობა. დაცვის მხარეს არ მიეცა პოლიციის მაღალჩინოსნების, ლაშა ჯოხაძისა და ლაშა სალუქვაძის გამოძახებისა და დაკითხვის შესაძლებლობა, რომლებიც უშუალო შემხებლობაში იყვნენ საქმესთან.

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები საკმარისი არ იყო აქტივისტებისათვის ადმინისტრაციული სახდელის შესაფარდებლად. დაკითხულმა პოლიციელებმა ურთიერთსაწინააღმდეგო და არადამაჯერებელი ჩვენებები მისცეს.

● მიუხედავად იმისა, რომ პროცესზე გამოკითხული 6 პოლიციელიდან 5-მა დაადასტურა, რომ სამხრე ვიდეო-კამერა ჩართული ჰქონდათ აქტივისტების დაკავების დროს, პროცესზე აღნიშნული ჩანაწერები არ ყოფილა წარმოდგენილი, ხოლო პოლიციის მიერ წარმოდგენილ არცერთი სხვა ვიდეოჩანაწერი სამართალდარღვევის ფაქტს არ ადასტურებდა.


ჩამოთვლილი გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ უგულებელყო უდანაშაულობის პრეზუმფცია და მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების შედეგად, აქტივისტები სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, რომ წარმოდგენილი სამართალდარღვევები სახდელის სახით ითვალისწინებს პატიმრობას, ან ჯარიმას, რომლის ოდენობაც რამდენჯერმე აღემატება საქართველოში საშუალო ყოველთვიურ ხელფასს. სანქციის სიმკაცრე კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქმეში საკმარისი მტკიცებულებებისა და დასაბუთების არსებობას. ამავდროულად, ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მოსაზრებით, არაპროპორციულმა სანქციამ, მათ შორის მკაცრმა ჯარიმამ, შესაძლოა დაარღვიოს შეკრების თავისუფლების უფლება და ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი, რომელიც მომავალში შეკრებასა და მანიფესტაციებში მონაწილეობის მსურველ პირს უბიძგებს თავი შეიკავოს პროტესტის გამოხატვისაგან.[1] ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ არასათანადოდ მკაცრი სანქციის გამოყენებამ, შესაძლოა, მსუსხავი ეფექტის საფრთხე გააჩინოს.[2]


აღსანიშნავია, რომ მოქმედი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ვერ უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლების ადეკვატურ დაცვას და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეები დაუსაბუთებელი და შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლნი ხდებიან. სამოქალაქო ორგანიზაციები და უფლებადამცველები დიდი ხანია, ითხოვენ კოდექსის სისტემურ რეფორმას, თუმცა, ნაცვლად უფლებრივი სტანდარტებისა და პროცესუალური გარანტიების გაუმჯობესებისა, ბოლო წლებში წვრილმანი ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმების ოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.


სამართალდამცავებისა და სასამართლოს ამგვარი მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება მიუთითებს ხელისუფლების სურვილზე, რომ უკანონო დაკავებითა და სოლიდური ჯარიმების დაკისრებით შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სერიოზული ფინანსური დარტყმა მიაყენოს და პროტესტის მოტივაცია შეურყიოს აქტივისტებს.



საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

დემოკრატიის მცველები

[1] European Commission for Democracy through Law (Venice Commission) and Office for Democratic Institutions and Human Rights (OSCE/ODIHR), Guidelines on Freedom of Peaceful Assembly (3rd Edition), 8 July 2019, para. 36 https://www.venice.coe.int/webforms/documents/?pdf=CDL-AD(2019)017-e [ბოლოს ნანახია 07.04.2022] [2] ECtHR, Guide on Article 11 of the European Convention on Human Rights, Freedom of Assembly and Association (1st edition) 31 August 2019, paras. 74-78 https://www.echr.coe.int/Documents/Guide_Art_11_ENG.pdf [ბოლოს ნანახია 07.04.2022]


Comments


bottom of page