დღეს ჩვენი ქვეყნის პარლამენტში უნდათ დაიწყონ დიდი რუსული კედლის მშენებლობა, რომლის მიზანია, საქართველო გამოყონ ევროპისგან. რუსული კანონპროექტი, რომელიც რამდენიმე წუთში უნდა განიხილონ პარლამენტში, სპობს ჩვენი, ქართველი ხალხის შესაძლებლობას, გავაძლიეროთ ერთმანეთი და ჩვენი ქვეყანა. ამ კანონპროექტით პარლამენტი დასმენებისა და რეპრესიების დროში დაგვაბრუნებს.
რუსული კანონი მტრულად წარმოაჩენს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და მათ მიერ გაწეულ დახმარებას, საქართველოს მოსახლეობისა და დემოკრატიისადმი მათ მხარდაჭერას კი საფრთხედ აცხადებს.
ასეთი კანონი ევროკავშირში აკრძალულია. ევროკავშირმა უკვე მკაფიოდ განგვიცხადა, რომ მსგავსი კანონის მიღება შეუთავსებელია ამ გაერთიანების წევრობასთან. ახლა, ამ არამდგრად და მტრულ გეოპოლიტიკურ რეალობაში, ევროკავშირთან დაახლოება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის, ასევე, სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული განვითარების გარანტიაა.
დღეს და მომავალში პარლამენტის თითოეული წევრი, რომელიც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, პირადად იქნება პასუხისმგებელი ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის დაკარგვაზე.
ქართველმა ხალხმა კონსტიტუციაში დავაფიქსირეთ, რომ ვირჩევთ ევროპულ კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ევროპული განვითარება ჩვენი და ჩვენი წინაპრების არჩევანია. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი. არა რუსულ კანონს!
Comments