პროკურატურა უარს ამბობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დანაშაულების ჯეროვან გამოძიებაზე და დანაშაულის გამოძიებას არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს.
სადამკვირვებლო კოალიციამ “ჩემი ხმა” საზოგადოებას მრავალჯერ მიაწოდა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემების, ფორმებისა და გაყალბების პროცესში სავარაუდოდ ჩართულ პირთა შესახებ, ასევე არაერთხელ მოუწოდა პროკურატურას, გამოეძიებინა ის ათეულობით დანაშაული, რომლებიც ფოტო და ვიდეო მასალაზეა აღბეჭდილი: პირადობის მოწმობების ჩამორთმევა, პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენება/ხელყოფა, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, სხვისი პირადობის მოწმობებითა და პირადი ნომრებით ხმის მიცემა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ძალადობა, ამომრჩევლებზე ზეწოლა და სხვა ფაქტები.
საჯაროდ ხელმისაწვდომია ფოტო და ვიდეო მასალა, ასევე ჟურნალისტური გამოძიებები და ცესკოში წარდგენილი საჩივრები, რომლებიც ნათლად ასახავს არჩევნების გაყალბების სქემებს და აიდენტიფიცირებს კონკრეტულ პირებს, რომლებიც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ დარღვევებში მონაწილეობდნენ. თუმცა, პროკურატურამ ამ ფაქტებზე დროული რეაგირების, განადგურების საფრთხის ქვეშ არსებული მტკიცებულებების დაუყოვნებლივ მოპოვებისა და კონკრეტულ დანაშაულებრივ ქმედებებში უშუალოდ მონაწილე პირთა გამოკითხვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო მხოლოდ 30 ოქტომბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე და ახლა საგამოძიებო ფუნქციების შესრულებას ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს სთხოვს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დანაშაულის ნიშნების შემცველი არაერთი განცხადების, მათ შორის კოალიციის მხრიდან, გავრცელების მიუხედავად, გამოძიებაც კი არ დაწყებულა პირადობების მოწმებობის ჩამორთმევის, ე.წ. ქოლ-ცენტრების მეშვეობით ამომრჩევლებზე ზეწოლის, ამომრჩეველთა მოსყიდვის, ამომრჩეველთა პერსონალური ინფორმაციის შეგროვების არც ერთ ფაქტზე.
ჩვენი არაერთი განცხადების საპასუხოდ - მომხდარიყო დროული რეაგირება დანაშაულის ნიშნების შემცველ ფაქტეზე, დღეს პროკურატურამ მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაკითხა კოალიცია „ჩემი ხმის“ წევრი და პრეს-სპიკერი - ლონდა თოლორაია. ჩვენების მისაცემად, შესაძლოა, კოალიციის სხვა წევრებიც დაიბარონ. მიუხედავად კოალიციის სურვილისა - არჩევნებთან დაკავშირებული დანაშაულები გამოძიებულიყო ობიექტურად, 6 ნოემბერს ლონდა თოლორაიასთვის დაკითხვის პროცესში პროკურატურის წარმომადგენელთა მხრიდან დასმული კითხვები მიანიშნებს, რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ფაქტების შესახებ ობიექტური, დროული ინფორმაციის მიღება და და ეფექტიანი გამოძიება, არამედ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების გამყარება.
ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნების არსებობის პირობებში, პროკურატურას გამოძების დროულად დაწყების პარარლელურად, უნდა მოეპოვებინა და შეესწავლა დანაშაულის ამსახველი უშუალო მტკიცებულებები, უნდა დაეიდენტიფიცირებინა ფოტო-ვიდეო მასალებში იდენტიფიცირებული და თვითმხილველი პირები და დაუყოვნებლივ გამოეკითხა ისინი, ვინაიდან არსებობს მათზე ზეწოლის საფრთხე.
ის ფაქტი, რომ პროკურატურა, არჩევნების ჩატარებიდან 2 კვირის თავზე შემოიფარგლება მხოლოდ კოალიციის წევრების გამოკითხვით და ამ ეტაპამდე არ აქვს შესწავლილი კოალიციის მიერ წარდგენილი საჩივრები, კოალიციის მიერ გასაჯაროებული ვიდეო და ფოტო მასალა, მედია საშუალებებისა და მოქალაქეების მიერ საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები და თვითმხილველთა ჩვენებები და ამ დრომდე არ დაუწყია ამ მასალებში იდენტიფიცირებადი პირების გამოკითხვა, ადასტურებს რომ საგამოძიებო ორგანოს მიზანია არა დანაშაულის ეფექტიანი გამოძიება, არამედ გამოძიების გაჭიანურება, კოალიციის საქმიანობის შეფერხება და კოალიციის წევრებზე ზეწოლა.
___________
[1] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), (162 (არჩევნებში ნების განხორციელებისთვის ხელის შეშლა), 164 (ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა), 164’’ (ყალბი დოკუმენტის საფუძველზე არჩევნებში მონაწილეობა), 164’’’ (არჩევნების გაყალბება), 164’’’’ (ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა), 126 (ძალადობა), 151 (მუქარა) და სხვა მუხლები.
Comments