top of page

თავდასხმები ელჩ დეგნანზე დასავლეთთან ურთიერთობების დაზიანების მიზანმიმართული მცდელობაა


ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით „ქართული ოცნების“ მიზანიმართულ ანტიდასავლურ კამპანიას, რომლის სამიზნე მათ შორის აშშ-ს ელჩი კელი დეგნანიც გახდა და მივიჩნევთ, რომ ამ კამპანიის ამოცანა ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანება და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებაა.


2022 წლის თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხა, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის განწყობებისგან საწინააღმდეგო საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყეს. ყოველთვის, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული სასტიკ ომზე საუბრისას, პასუხისმგებლობას ანაწილებდნენ უკრაინის ხელისუფლებაზე, რომელმაც თითქოს თავიდან არ აიცილა ეს კონფლიქტი, ხოლო საზოგადოებაში ნერგავდნენ სკეპტიციზმს ევროპის სახელმწფოებისა და აშშ-ს მიერ უკრაინის მხარდამჭერ და რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ ზომებთან, მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით.


მოგვიანებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების მოთხოვნის ფორმალურად დაყენების პარლელურად, რომელი მოთხოვნის დაყენებაც შექმნილმა საერთაშორისო პოლიტიკურმა მდგომარეობამ აიძულა საქართველოს ხელისუფლებას, ეს კამპანია კიდევ უფრო ღია და აგრესიული გახდა.


ხელისუფლებამ დაიწყო შეთქმულების თეორიის ჩამოყალიბება და საზოგადოებაში გავრცელება, თითქოს დასავლეთი საქართველოსგან რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოითხოვს, რასაც საქართველოს ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი უმკლავდებიან და ამით იცავენ ქართველ ხალხს რუსული სამხედრო აგრესიისგან. ამ მიზანმიმართული პროპაგანდის მიზანს ერთი მხრივ, საზოგადოებაში დაბნეულობის შემოტანა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ვერ მიღების ფაქტის გაუბრალოება, საზოგადოების გულისწყრომის ომის შიშით დათრგუნვა, ხოლო მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერ დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის საპირისპიროდ ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის გამართლება და მისი, როგორც საქართველოს მშვიდობის გარანტორის წარმოჩენა წარმოადგენდა.


ამ პროპაგანდამ, რომელიც მსოფლიო შეთქმულებების შესახებ რუსულ პროპაგანდის გადმოქართულებული ვერსიაა, საქართველოს მოქალაქეთა დიდ ნაწილზე საწყის ეტაპზე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა, რისი დასტურიც კვლევებით დადასტურებული ევროკავშირის მხარდამჭერთა დიდი რაოდენობა და ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციებიც გახლდათ, თუმცა ხელისუფლება კიდევ უფრო აძლიერებს ანტიდასავლურ რიტორიკას და პოლიტიკის გატარებას. ეს ჩვენთვის ცხადი ნიშანია, რომ ხელისუფლება არ აპირებს საქართველოს დემოკრატიზაციის სასარგებლოდ მოქმედებას, ხოლო ოლიგარქიული მმართველობის პირობებში საქართველო კიდევ უფრო დაშორდება დასავლურ ფასეულობებსა და დეომკრატიული მმართველობის იდეას, ისე როგორც ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას.


ხელისუფლების ავტორიტარული ზრახვები და ოლიგარქიული მმართველობა შეუთავსებელია ქართველი ხალხის კონსტიტუციით გამყარებულ მისწრაფებებთან - ვიცხოვროთ დემოკრატიულ რესპუბლიკაში და გავხდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რასაც მხარს აქტიურად უჭერდა და უჭერს ამერიკის შეერთებული შტატებიც, რომელიც 3 ათეული წელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების უანგარო მხარდამჭერია. შესაბამისად, ელჩი დეგნანისადმი დაუსაბუთებელი, მიზანმიმართული იერიში, სწორედ ამ ხაზის გაგრძელებაა და მიზნად ისახავს ქართული საზოგადოების თვალში საქართველოს მთავარი მოკავშირის დემონიზებას, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიზნით ქართველი ხალხისადმი აშშ-ს მხარდაჭერის შესუსტებას, ევროკავშირსა და ნატოსთან საქართველოს სახელმწიფოს ურთიერთობების დაზიანებას და ქვეყნის დასავლური განვითარების პერსპექტივის შეფერხებას.


დემოკრატიის მცველები

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

რაჭის სათემო ორგანიზაცია

გურიის სამოქალაქო მოძრაობა "თავისუფლებისთვის“

არასამთავრობო ორგანიზაცია “მეხუთე ელემენტი”

ფემინა

“სტუდენტები ევროპული მომავლისთვის”

საზოგადოებრივი მოძრაობა მომავლის ჭიათურა

საინიციატივო ჯგუფი "არ გადადო"

ჯიუტიGeut

კამპანია We stand for U

ქობულეთის სამოქალაქო საზოგადოება

სამირა ბაირამოვა, აქტივისტი



Comentarios


bottom of page