top of page

ხელისუფლება მორიგ, პროპაგანდისტულ ტყუილს ავრცელებს


მთელი დღის მანძილზე ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მედიების მიერ ვრცელდება ყალბი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, თითქოს გასულ კვირას, სახელმწიფო გადატრიალების დასაგეგმად ფართო შეხვედრა გაიმართა ბაკურიანში, რომელსაც დემოკრატიის მცველების თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძეც ესწრებოდა. ამ ტიპის ყალბი ინფორმაციის გავრცელება, რომლის მიზანიც საზოგადოების „მოსალოდნელი არეულობით“ დაშინებაა, ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი ქცევაა, რაც ბაკურიანში გამართული ტრენინგის (შეხვედრის) ერთ-ერთი განსახილველი საკითხიც იყო.


სინამდვილეში, ბაკურიანში გამართული შეხვედრა, ისე როგორც მანამდე გამართული არაერთი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო მოძრაობებთან თუ ოპოზიციურ პარტიებთან, ემსახურება ერთადერთ მიზანს - საქართველოში ავტორიტარიზმის დამარცხება მოხდეს დემოკრატიული პროცესით და არაძალადობრივი წინააღმდეგობით. პიტერ აკერმანი, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა და საინტერესო გამოცდილება და ცოდნა გაგვიზიარა, წარმოადგენს არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრს, რომელიც არამხოლოდ იზიარებს, არამედ ავრცელებს ტირანიებისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ არაძალადობრივად ბრძოლის ფილოსოფიას.


დღეს, ხელისუფლების მხრიდან ამ პროპაგანდისტულ ტყუილზე საზოგადოების ყურადღების მიმართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ მწვავე ანგარიშისა და "ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებული ახალი სარეიტინგო ქულის შესახებ ინფორმაციის გადაფარვას ისახავს მიზნად, რომლის მიხედვითაც, მიღებული შეფასების შესაბამისად, საქართველო სიაში ბენინის რესპუბლიკის შემდეგ აღმოჩნდა - 58 ქულით.


"დემოკრატიის მცველები" სამოქალაქო მოძრაობაა, რომლის მიზანია საქართველოში დემოკრატიის დაცვა, ავტორიტარიზმის შეკავება და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა. დასახულ მიზნებს ვაღწევთ განათლების გავრცელებით, არაძალადობრივი წინააღმდეგობის სწავლებითა და ორგანიზებით, კვლევით, დისკუსიითა და ადვოკატირებით. თუ თქვენ იზიარებთ ჩვენს ღირებულებებს, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ამ ბრძოლაში.

Comments


bottom of page